Showing posts with label მაცო. Show all posts
Showing posts with label მაცო. Show all posts

March 25, 2011

ჩემი ქმარი არ არის მოძალადე


იდეალური მამაკაცი:
1. ჭკვიანი, განათლებული. საინტერესო მოსაუბრე. გარკვეულ სფეროში ბევრი უნდა იცოდეს.
2. ყურადღებიანი – ზომიერად.  თბილი, მოსიყვარულზე. 
3. არ მინდა იმ საქმეს აკეთებდეს, რასაც მე. 
4. ყველა სიტუაციისათვის შესაფერისი. ჰო, აი, ასე უხეშად და გადაჭრით. 
5. პატივს სცემდეს ყველა, ვინც მას იცნობს. აუცილებლად, ესეც გადაჭრით.
6. სამართლიანი – რთულია ხშირად ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ უაზროდ დაშვებულ შეცდომებზე არ ვიკამათებთ.
7. კეთილი – ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს ვცემ პატივს, დიახ.
8. იცოდეს, რა დროს, რა მსიამოვნებს; რა დროს, როგორ მომართოს და საერთოდ, მასთან ყოფნის არცერთი წუთის შეცვლა არ უნდა მომინდეს.

  • ქერა/შავთმიანი, ცისფერ(მწვანე)თვალება/დანარჩენფერ თვალება, მაღალი/აუცილებლად მაღალი. კარგი აღნაგობის, არც ძალიან მსუქანი და გამხდარი ხომ საერთოდ. თეთრი/ისერათეთრი კანი. ტუჩები – ლამაზი, უბრალოდ ლამაზი. ბეწვების სიჭარბე არ უნდა აწუხებდეს, არა.

იცით, როგორი არ მინდა იყოს ჩემი მომავალი მეუღლე? -აი, გუშინდელ პროფილში მიწვეულ სტუმრებს, როგორი ქმრებიც ჰყავდათ ისეთი. 
ძალიან შემეშინდა, დიახ, ძალიან.
გონებაში ყველა ამოვატივტივე, ვინც ოდესმე წარმომედგინა მეორე ნახევრის ამპლუაში და.. მე ვიცი, რომ არ მეყოლება ქმარი, რომელიც ჩემზე ხელს ასწევს; მეგობრების თანდასწრებით დამამცირებს; ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს უდიერად მოიხსენიებს.. არ მეყოლება ნაბიჭვარი ქმარი, ფსიქიატრიულად გაუწონასწორებელი გიჟი ქმარი, სულიერად ბრიყვი ქმარი.. გეფიცებით.
გუშინ პროფილის ყურებისას იმდენი ვიტირე, იმდენი... 
არ გავთხოვდები ადრე, პირობას გაძლევთ. არ გავყვები ცოლად ორი თვის გაცნობილს, დამიჯერეთ. არ გავყვები იმას, ვისაც დედაჩემი არ მოეწონება...  
მინდა, მომავალი დავინახო. დიახ, რატომაც არა. 
არ ვარ პერფექციონიზმის მიმდევარი (არ ურთიერთობენ ყველასთან, რადგან ეშინიათ შეცდომის დაშვების, ეს მხოლოდ ადამიანთან კონტაქტზე არ არის,აი, ისე ზოგადად.), მაგრამ მე.. მე მეშინია შეცდომის დაშვების. არ ვარ ძლიერი, არც არასდროს ვყოფილვარ.  დავიჯერო გავუძლებ იმის მეოთხმოცდამერვედს, რაც იმ ქალებმა გაუძლეს? - არა, ვერ გავუძლებ და არც ვაპირებ. ერთი, რისი იმედიც მაქვს, ჩემი ჭარბი თავმოყვარეობის გრძნობისაა, ერთი ზედმეტი რამ და:
 -ნახვამდის, საყვარელო მეუღლევ.
იცით, რა მიკვირს? -შენ დალოცვილო, შეყვარებულობის პერიოდში ვერ უნდა მოახერხო, და ცოტას მაინც ვერ უნდა მიხვდე, რომ ფსიქიკურად მოშლილ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა? -ჰაჰ, აი, ყველაფრის თავი და თავი -  ორი თვის ნაცნობებზე გათხოვება-გამოთხოვებაა.. 
იცით რა მინდა?
ძააალიან მოხუცი რომ ვიქნები, სადღაც 88 წლის, შემეძლოს თავისუფლად, დაუფიქრებლად და ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვთქვა, რომ:
-მე არ მყავდა/მყავს მოძალადე ქმარი!

March 17, 2011

დედას ბავშვი ეყოლა



“შემოვიდა ჩემს უბანში 2თვის ბავშვი. არის კარგი განვითარების, ჭამს კარგად, სძინავს კარგად.”

“ბავშვი არის 3 თვის. აქტიურია. თავს კარგად იჭერს, აბრუნებს თავს ხმაურზე. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს.”

“ვინახულე ბავშვი ბინაზე. არის 4 თვის. სძინავს კარგად, ჭამს კარგად. დაჰყავთ ჰაერზე. კუჭის მოქმედება კარგია”

“ვინახულე ბავშვი ბინაზე, არის 6 თვის. ჭამს კარგად, სძინავს კარგად. დაჰყავთ ჰაერზე. აძლევენ ხილს, ფაფებს. კუჭის მოქმედება კარგია.”

“ბავშვის ზოგადი მდგომარეობა კარგია, არის 9 თვის. უკვე შეიძლება აცრა გაუკეთდეს წითელაზე.”

1996 წლის 12 იანვარი:
“ვინახულე ბავშვი ბინაზე. დედის გადმოცემით, ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იკვებება სრულად.”

1996 წლის 30 იანვარი:
“ვინახულე ბავშვი ბინაზე. ბავშვის საერთო მდგომარება დამაკმაყოფილებელია, იკვებება სრულად, მატება კარგი აქვს.”

1996 წლის 12 თებერვალი:
“ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”

1996 წლის 19 მარტი:
“დედის გადმოცემით ბავშვი კარგად არის. მატება კარგი აქვს, ყველაფერი ზომიერი.”

1996 წლის 14 მაისი:
“ბავშვი ერთი წლისაა. ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა.”

2000 წლის 16 ნოემბერი:
“ჩივილები არ აქვს. ზოგადი მდგომარეობა კარგია. ობიექტურად შინაგანი ორგანოების მხრივ არ არის დარღვევა.”

2001 წლის 20 სექტემბერი:
“ბავშვი კარგ მდგომარეობაშია. არანაირი დარღვევა არ აღენიშნება ორგანოებში, ჩივილები არ აქვს“

2001 წლის შემდეგ გავიდა 9 წელი. 9 ყველაზე საინტერესო და სირთულეებით გაჟღენთილი წელი. 9 ყველაზე ბედნიერი და უბედური წელი. 9 ყველაზე შეუდარებელი და ... წელი. 9 ყველაზე ცხრა წელი. ხოლო 15 წელი -მარიამ ხაჭაპურიძის დაბადებიდან, მალე - XVI, მერე - XVII.. სულ ბოლოს კი  XXXXXXXXXXXXXXXXXXX წელი გავა და მეც ღიმილით დაგემშვიდობებით.


პ.ს. ნეტავ, რას იტყოდა ჩემი პედიატრი ახლა, ზუსტად 15 წლის შემდეგ?! ალბათ:

2010 წლის 8 დეკემბერი:
“ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის 15 წლის. გაციებულია, სურდო აქვს. უკვე მეექვსე დღეა ასეა. აქვს საკმაოდ აგრესიული რეპლიკები და მიმართვები. ცხოვრებაზე გაბრაზებულია. ბუტიაა და ყველაფერი სწყინს. თუმცა, ყველაფრისდა მიუხედავად ძალიან გულჩვილია და პატარა, მცირდეოდენ სიხარულსაც კი შეუძლია უდიდესი ბედნიერება მიანიჭოს მას. დიაგნოზი - ნარცისიზმი.”

არა, არ მგონია, რომ ამას დაწერდა, წინა ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ,  აშკარად დაეზარებოდა. თან საიდან ეცოდინებოდა, ბევრმა “მეგობარმაც” კი არ იცის ამდენი.

იმდენი მოგიყევით ჩემს ბავშვობაზე, ალბათ ფიქრობთ, ბავშვობიდან ვიცნობთ მაცოსო. ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი, საკმაოდ საინტერესო და დრამატული მოვლენების შესახებ ჯერ არც არაფერი იცით. დიდი ხანია ვფიქრობ, დავწერო, თუ არა. დავდო, თუ არა. ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე. მაინც არსებობს რაღაც, რაც ამის უფლებას არ მაძლევს, საქმეც ამაშია.


ჩიტმა ამბავი მომიტანა, თურმე ხალხი საყვედურს გამოთქვამს, რატომ წერს ასეთ მოკლე წერილებსო?! -არ ვიცი, ჯერჯერობით რასაც ვატყობ, ისაა, რომ მხოლოდ ძალიან ცოტა რაიმის დაწერის სურვილი მიჩნდება, notebook-ის ხელში აღების შემდეგ.
კეთილი სურვილებით თქვენი მაცო და blogspot-ი!
08.12.2010

January 24, 2011

მოგზაურობა ძველ დროში

-დე, რა კარგი იქნებოდა, XVI, ან XVII საუკუნეში რომ ვცხოვრობდე, არა?
-დავიჯერო კომპიუტერს შეელეოდი?
-კი, კი..  როგორი მიმზიდველია მარაოთი სიარული.
-მალევე მოგბეზრდებოდა.
-არა, რაღაც რომანტიულია ის კაბები რომ აცვიათ, უკან კორსეტით აქვთ ხოლმე მოჭერილები. რა მაგარი იქნებოდა.
დედამ ერთი შემომხედა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
ჰო, ნამდვილად ძალიან კარგი და საინტერესო იქნებოდა, წინა საუკუნეებში რომ მეცხოვრა. ცოტა ხნის წინ “მადამ ბოვარის” კითხვა დავიწყე და საოცრად მომინდა იმ დროში ცხოვრება.
ლამაზი, წელში გამოყვანილი ფუშფუშა კაბები, ზედმეტად ელეგანტური და მიმზიდველია. დიდი, მბრწყინავი საყურეები და მისივე სტილის ყელსაბამი. ხელზე სპილოსძვლისფერი იდაყვანდე ხელთათმანი; ხელში კი მარაო, ლამაზი მოქსოვილი მარაო. ფეხსაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისიც ისეთივე ლამაზი და ღია კანისფერი იქნება, როგორიც კაბა. მამაკაცებს ფრაკი ეცმევათ, ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ძალიან მომწონს იმ დროინდელი ადათ-წესები, საზოგადოებაში მოქცევის კულტურა. ეტლით გადაადგილება, მეეტლეებს ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული სამოსი აქვთ, საინტერესოა და ერთგვარად მიმზიდველი. თუმცა ახლა სახელი არ მახსოვს.
ეს პოსტი ავსტრიაში ყოფნის 14-15 დღეს ეხება. თუ წაკითხული გაქვთ გეცოდინებათ, რომ შონ ბრუნის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს, დაგვათვალიერებინეს მეფის შვილის ოთახი, შემდეგ მისი ტანსაცმელი. მაშინაც ძალიან მომწონდა ძველ საუკუნეებში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობა. შემოგვთავაზეს ჩაგვეცვა, სურათები გადააგვეღო, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვების და დიდი ქალების იყო. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ სარკესთან პოზიორობით მაინც ვიჯერე გული.

October 8, 2010

ბავშვობის მოგონებები







ადამიანი იბადება, იზრდება და შემდეგ კვდება. კაცმა რომ მკითხოს, ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე საინტერესო მაინც - ბავშვობაა. იმ სიცელქესა და სილაღეს რა სჯობს, რასაც ბავშვობაში აკეთებ, თუ განიცდი. არასდროს მიოცნებია დიდი ვყოფილიყავი. პირიქით, ჭირივით მეზიზღებოდა ჩემი დაბადების დღე, თუმცა ამისდა მიუხედავად, 29 აპრილს, დაბადების დღის მომდევნო დღეს ვადგენდი, მომავალ წელს ვის დავპატიჟებდი. :D ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა დიდივით საუბარი, არა იმიტომ რომ დიდობა მომწონდა, ან რაიმე, უბრალოდ მინდოდა სხვებს ეთქვათ: აი, ნახე რა პატარაა და როგორ საუბრობსო. ამან იმ დონემდე მიმიყვანა, რომ ზეორიგინალური სიტყვებით დავიწყე 10-11 წლიდან საუბარი და დღესაც ეს ჩვევა, თუ რაც ჰქვია მომყვება. ყოველთვის ვიცინი, როდესაც ჩემი ბავშვობის დღიურებს ვკითხულობ. ყველაზე მეტად კი, 8 წლის ასაკში დაწერილი „ინფო“ მომწონს. ჩემი რაობა სწორედ ამაში ჩანს(პუნქტუაციის ნიშნები ნუ დაგაბნევთ):
მე ვარ მარიამ ხაჭაპურიძე, მე ვარ 8 წლის დაბადებული, ვარ 1995 წლის 28 აპრილს, ზოდიაქოს ნიშნით ვარ კურო. მე ვსწავლობ 160-ე საშვალო სკოლაში, მე მაქვს მწვანე თვალები და ქერა თმები მე ჩემი ასაკისთვის დიდი ვარ სიმალღლით, მე საერთოდ მიყვარს თოჯინებით  მე ბევრი თოჯინა გამომიცვლია და ერთი თოჯინა დამრჩა. მისი სახელია სუზანა ავალია ძალიან მიყვარს და ძალიან საყვარელი თოჯინაა. ხანდახან ჩემი მეგობრები მეუბნებიან რა დროს შენ თოჯინებით თამაშიაო მაგრამ მე ვეუბნები მე მიყვარს თოჯინები და თავის დანებებას არ ვაპირებ, მაგრამ დიდი რომ გავიზრდები თოჯინებით აღარ ვითამაშებ, მაგრამ თოჯინები მიყვარს მე! ნახვამდის.“
ჰომ, დარწმუნებული ვარ ყველას თუ არა, ბევრს მაინც გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ აქვს ამ დაუმთავრებელ სიტყვას(„...ავალია...“) ხაზი გადასმული?! ასე ზუსტად იმიტომ გადმოვაკოპირე დღიურიდან, რომ ამით მინდა გაჩვენოთ, რა ძალიან მიყვარს ბიჭები ბავშვობიდან . აი, უბრალოდ, როგორ ავხსნა არ ვიცი. კარგად მახსოვს, ყველაფერს რასაც კი ოდესმე ვაკეთებდი, ან ვცდილობდი ბიჭისთვის მომეწონებინა თავი, ან ვინმე ახალი გამეცნო. შეიძლება, 7-8 წლის ბავშვები გამუდმებით, დღე და ღამე სულ ბიჭებზე საუბრობდეს? შეიძლება 7-8 წლის ბავშვს, ყოველთვის ბიჭებთან დაკავშირებულ სიზმრები ნახულობდეს? შეიძლება, 7-8 წლის ბავშვის მთავარი მიზანი იყოს, მალე გათხოვდეს და ბევრი შვილი ჰყავდეს? რატომ ვიყავი ასეთი დღემდე არ მესმის. ოჯახში, ან სანათესაოში ასეთი ვინმე რომ მყოლოდა, კიდევ მესმის, ბავშვი რასაც ხედავს იგივეს იმეორებს, ან ყოველშემთხვევაში სულმცირე მცდელობა მაინც აქვს, მაგრამ მე? მე რატომ ვარ ასეთი? არ გაიგოთ ისე, თითქოს ასეთი რომ ვიყავი ახლა არ მომწონს, უბრალოდ რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს?!
ახლა კი უშუალოდ ნამდვილ დღიურზე გადავალ. ძალიან, ძალიან სასაცილოა, როდესაც ფურცლების მეშვეობით იხსენებ, ბავშვობის განვლილ წლებს. ერთხელ ვიღაცისგან გავიგე: დიდი რომ გაიზრდები, მერე საინტერესო იქნება შენი დღიურის წაკითხვაო და მეც გადავწყვიტე დღიური მეწარმოებინა.. ^^ როგორც ჩანს ბევრი მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამომივიდა, რადგანაც 50 რვეული, თუ ბლოკნოტი მაქვს შემორჩენილი, სადაც დაწყებული მაქვს, მაგრამ მეტი აღარ გამიგრძელებია.. თვალი გადავავლე და ყველაზე ადვილად, რომელიც იკითხება იმას შემოგთავაზებთ:
„ჩვენ რომ გავიღვიძეთ მე ჩემ დასთან გადავედი ლოგინში მაგრამ ნიამ არ ჩამაწვინა ძალიან გული დამწყდა რადგან არნოლდის ყურება მინდოდა. ავდეგით, ბებომაც დარეკა და საყიდლებზე წავედით ძალიან ციოდა სახლში რომ მივედი ლევანი ბიძიას ამხანაგი შემხვდა და კარტს თამაშობდნენ მერე დედიკომ რაღაცის ცხობა დაიწყო ჩვენ ეკლესიაში წავედით და წირვას რომ დავესწარით სახლში დავბრუნდით დედიკომ სუფრის გაშლა დაგვავალა მერე რომ ვჭამეთ ყველანი სახლში წავიდნენ მანამდე თამილამ მომცა თეთრი ფურცლები და ჩემმა დამ მითხრა რომ მე მომცა თამილამო ჩემ დას დაავალეს ჭურიჭლის გარეცხა და დალაგება არნოლდს ვუყურებდით მე დამ ცოცხის და ნაგვიასაღების მოტანა მსთხოვა მერე სახლში გადავედით და ტკბილად დავიძინეთ.“

სულ ასეთი რაღაცები წერია, უბრალოდ გაუგებარ ენაზე.
ესეც ასე. J 
დროებით გემშვიდობებათ თქვენი მაცო და Blogspot-ი!

  © NOME DO SEU BLOG

Design by Emporium Digital